გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, შვებულების შემდეგ ვალენსიაში დაბრუნდა და სეზონის მზადებას იწყებს. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რის შემდეგაც ვარჯიშს 30 ივლისიდან დაიწყებს. 31 ივლისს ექნება ამხანაგურ მატჩი ლევანტეს წინააღმდეგ. მისი მონაწილეობა პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა 3 აგვისტოს, ლიდს იუნაიტედთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს.
მამარდაშვილის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ნიუკასლმა ვალენსიას მოთხოვნილი თანხა არ შესთავაზა, ხოლო ჩელსიმ ფილიპ იორგენსენზე გააკეთა არჩევანი. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, არაბული კლუბები მზად არიან მამარდაშვილის ტრანსფერში 30-35 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ქართველი კიპერი საუდეთში გადასვლას არ აპირებს. გიორგიმ უკვე ორ საშუალო დონის ინგლისურ კლუბსაც უარი უთხრა.
ვალენსიას აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგიმ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია, რომ დაბრუნდა და ვალენსიაში დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა არ იცის, რა მოხდება მომავალი კვირების განმავლობაში.
Comments